საქართველოს მთიელები-ხევსურები, თუშები, ფშავები, გუდამაყრელები და მოხევეები ტრადიციულ დღესასწაულებს თავიანთი გამოხდილი ლუდით იხდიდნენ. დღესასწაულები საკმაოდ ბევრი იყო, რაც ქართული ლუდის ხარისხზე და განვითარებაზე პირდაპირპროპორციულასდ მოქმედებდა.
ალკოჰოლური სასმელის თავდაპირველი საზრისი რელიგიური აქტია, რომელიც ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში გაზიარებულია როგორც ღვთაებრივი, წმინდა სასმელით ღმერთებთან თანაზიარობის იდეა და იგი ითვლებოდა ყველაზე წმინდა შესაწირად. პირველყოფილი ანიმისტი ადამიანი, რომლისათვისაც ბუნება გასულიერებულია, ალკოჰოლური სასმელით აღგზნებას, მასში ღვთაების ჩასახვად მიიჩნევს, რაც უკიდურესად აძლიერებს მისი, როგორც საკულტო-საღვთო სასმელის მნიშვნელობას.
ეს ვითარება გამოსჭვივის ყველა სახალხო დღესასწაულში. თავისი დანიშნულებით ეს თავყრილობანი უფრო მეტია ვიდრე დღესასწაული, რადგან იგი ოდითგანვე ქცეულა სტუმარ-მასპინძლობის შეურყეველი წესის ჩამომყალიბებლად, გმირობისა და ვაჟკაცობის გასაძლიერებლად, ნათესაობის შემკვრელ-შემნივთებლად და ზოგადად, ადამიანთა სულიერების ასამაღლებლად.
ასეთი იყო დღესასწაულის დანიშნულება საქართველოს მთაში, შეუძლებელი იყო მათი შეუსრულებლობა და ამიტომაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართული მთის დღესასწაულის დაახლოებით ერთნაირი სისტემა, რომელიც უხვადაა დასურათებული არქაული საწესო-სარიტუალო ჩვეულებებითა და პრაქტიკული სამეურნეო ქმედებებით, რომელთაგან ლუდის გამოხდა-დადუღება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტად წარმოგვიდგება.
ფრაგმენტები ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევიდან "ქართული ლუდი"
ავტორი : პროფესორი ელდარ ნადირაძე;
საქართველოს ეროვნული მუზეუმის
ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
No comments:
Post a Comment